ყირგიზეთში, ყოფილ "ვაგნერელს" უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყირგიზეთის მოქალაქეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. განაჩენი ნარინის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. 27 წლის კაცი რუსეთის ციხეში, პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" შეუერთდა. ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ყირგიზეთში ყოფილი ვაგნერელების წინააღმდეგ აღძრეს. ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს.


ყირგიზეთის მოქალაქე გასული წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს.

2023 წლის მაისში ბიშკეკის მკვიდრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სამი თვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ეს სასჯელი გააუქმა და საქმე განსახილველად საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა.